For visit website please use PC

რჩევები სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსების დაწყებამდე

სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება მარტივი პროცესია, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია კითხვებზე პასუხის საშუალებით მიიღება. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება სრულად. განაცხადის შევსება ხდება: ორგანიზაციის შემთხვევაში დამფუძნებლის ან დირექტორის, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - თავად პირის მიერ.

გაიმართება პრეზენტაციებისა და ვებინარების სერია, სადაც განმცხადებლები გაივლიან კონსულტაციას. აღნიშნულ სესიებზე ადგილის დაჯავშნის თაობაზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act4culture.com. განაცხადის შევსების სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ, ისარგებლოთ ფონდის სპეციალური წარმომადგენლების კონსულტაციითა და რეკომენდაციით. თუ განცხადების შევსების დროს განსაკუთრებულ დაბრკოლებას აწყდებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენი მომსახურების გუნდს. საჭირო ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: სატელეფონო ნომერი - 595325010 და ელექტრონული ფოსტა - info@act4culture.com.


ფონდი იტოვებს უფლებას, პროგრამის ამოქმედების შემდეგ საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები სახელმძღვანელოში ან პროგრამაში. ფონდით მოსარგებლე პირები ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების გამოცხადების პერიოდი შეზღუდულია. მიღებული აპლიკაციების მოცულობამ შესაძლოა საჭირო გახადოს ვადების ცვლილება. ჩვენი სურვილია, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაკმაყოფილებული განაცხადების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდეს 2021 წლის 28 მაისამდე.

ფონდით სარგებლობა შეუძლიათ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, კოლექტივებსა და ინდივიდებს, რომლებიც ოპერირებენ თბილისის მასშტაბით და სრულად შეავსებენ სააპლიკაციო  განაცხადის ელექტრონულ ფორმას.დაზუსტებისთვის იხილეთ დეტალური ჩამონათვალი ფონდით მოსარგებლე ორგანიზაციების, კოლექტივებისა და ინდივიდების შესახებ.

 

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს ა(ა)იპ „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის" მიერ დანიშნული საბჭო, რომლის ამოცანაა შემოსული განცხადებების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განხილვა, შეფასება და დაფინანსების მოცულობაზე გადაწყვეტილების მიღება. საბჭო დაკომპლექტებულია მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მქონე 7 წევრისგან, რომლებიც საფუძვლიანად იცნობენ ადგილობრივი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ისტორიას, შინაარსსა და სპეციფიკას.საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ ფონდით მოსარგებლე ან მათთან მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირები, რათა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ობიექტური და სამართლიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის მასშტაბური სცენა პანდემიის გამო საგრძნობლად დაზარალდა, შესაძლოა საბჭომ განცხადებათა მოსალოდნელზე დიდი რაოდენობა მიიღოს. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია 2 მილიონი ლარით. მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში შესაძლოა, ფონდმა სრულად ვერ დაფაროს კვალიფიცირებულ განმცხადებელთა საჭიროებები და აუცილებელი გახდეს საბჭოს მიერ არჩევანის გაკეთება თანაბარი ან თითქმის თანაბარი შედეგების მქონე განმცხადებელთა შორის. ასეთ შემთხვევაში საბჭო იტოვებს უფლებამოსილებას, შემოიტანოს დამატებითი დამაბალანსებელი კრიტერიუმები და მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

ხშირად დასმული კითხვები

01 /
რა თანხაა ხელმისაწვდომი?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდს აფინანსებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი. მისი საერთო მოცულობა  შეადგენს 2 მილიონ ლარს. თითოეულ განმცხადებელზე გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით დადგენილი კრიტერიუმებისა და წესების შესაბამისად.

02 /
ვის შეუძლია დაფინანსების მიღება?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლია კომერციულ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, კოლექტივებს, მიკრომეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს.

 

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც შეიქმნა და საქმიანობდა პანდემიამდე პერიოდში, 2020 წლის 1 მარტამდე; და ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს.

 

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან თანხების მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, საქართველოს რეზიდენტი ან რეზიდენტი კომერციული იურიდიული პირი.

03 /
შეუძლია თუ არა ფონდით სარგებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქეს?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან თანხის მიღების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, საქართველოს რეზიდენტ კომერციულ იურიდიულ პირს.

04 /
რა ვადაში მოხდება პროექტის განხილვა?

სააპლიკაციო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ პროგრამაში თანხა ამოიწურა, მიმდინარე ეტაპზე განაცხადი აღარ განიხილება. განაცხადის წარმდგენი მიიღებს შეტყობინებას განხილვის შეწყვეტის თაობაზე.

05 /
როგორ შევავსოთ განაცხადი?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით სარგებლობისთვის საჭიროა ჩვენს გვერდზე არსებული სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმის სრულფასოვნად შევსება და მისი ელექტრონული ფორმით გაგზავნა. ერთ ორგანიზაციას ან ინდივიდს შეუძლია მხოლოდ ერთი აპლიკაციის წარდგენა.


განცხადების შესავსებად დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე და დაელოდეთ რეგისტრაციის დასტურს. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. პროფილის დამოწმების ბოლო ვადაა 2021 წლის 3 მაისი, 21:00 საათი. თუ ამ დროისთვის არ გექნებათ დამოწმებული პროფილი, თქვენი განაცხადის მიღება შეუძლებელი გახდება. ამიტომ გირჩევთ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი.


დათქმულ ვადებში პროფილის დამოწმების შემდგომ თქვენ მიიღებთ სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმას, რომელიც უნდა შეავსოთ მითითებული კითხვარის შესაბამისად. კითხვარზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მოწოდება სავალდებულოა. მათ ნაწილზე პასუხი უნდა მოინიშნოს, ნაწილი საჭიროებს წერილობით მიმოხილვას, არგუმენტაციასა და დასაბუთებას. აპლიკაციის შევსებისას, ასევე საჭიროა მოთხოვნილ კითხვებზე ინტერნეტბმულების შესაბამის ველში კოპირება.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კითხვარი შევსებული უნდა იყოს სრულად და უნდა შეიცავდეს უტყუარ ინფორმაციას. კითხვარის წერილობითი ნაწილის შევსებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საქმიანობის მიმოხილვა უნდა იყოს ამომწურავი, ხოლო არგუმენტაცია და დასაბუთება უნდა ემყარებოდეს ზუსტ ინფორმაციასა და საფუძვლიან მსჯელობას.

06 /
როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას?

განცხადებები, რომლებიც პირველადი კონსულტაციების გავლის შემდეგ სრულად დააკმაყოფილებენ დადგენილ სააპლიკაციო და საკვალიფიკაციო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, განსახილველად წარდგება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საბჭოზე. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო იხელმძღვანელებს წინამდებარე სახელმძღვანელოში განსაზღვრული სტანდარტების, შეფასების კრიტერიუმებისა და შესაბამისი ქულების სისტემის გათვალისწინებით და მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც დაფინანსებული პროექტების, ასევე დაფინანსების მოცულობების შესახებ.

 

რიგ შემთხვევაში მოსალოდნელ საკამათო ან არაერთგვაროვანი შეფასებების მქონე განაცხადებზე საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს.

 

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საბჭო იტოვებს უფლებას, ყველა კანონიერი საშუალებითა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე. განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება სრულად, ამომწურავად და არგუმენტირებულად შევსებულ განაცხადებს.

 

ვადაგადაცილებით გამოგზავნილი, არასრული ან მცდარი ინფორმაციის შემცველი განაცხადები ჩაითვლება ბათილად.

07 /
ელექტრონული რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტების ფორმატი?

დოკუმენტების ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ფორმატში:  Adobe PDF (*.pdf)  თითოეული დანართისთვის ფაილის მაქსიმალური ზომაა 10 მეგაბაიტი.

08 /
როგორია შეთანხმების პირობები?

ქვეყანაში, მოცემულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები შეთანხმების საფუძველზე საკუთარ ობიექტებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას. ასოციაცია შეთანხმებულად იმოქმედებს პასუხისმგებელ და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან, აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არსებულ პროგრამას, რათა წინასწარ შემუშავებული მოდელის მიხედვით 2021 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში დაიწყოს ელექტრონული მუსიკისა მოსასმენი ღია და დახურული სივრცეების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნა.

თუ თქვენ აპირებთ, შეავსოთ განაცხადი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდში, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

  • დახურული მუსიკალური სივრცეები, პროგრამის მიმდინარეობისას საკუთარ სივრცეებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ და იცავენ მოცემულ ეტაპზე ქვეყანის მასშტაბით არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ნახევრად ღია სივრცეები, სადაც მოქმედებს ბარი ან საკვები ობიექტი,  სრულად იცავენ  პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, ღონისძიებები  და წვეულებათა სერიები, სრულად იცავენ  პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები თანამშრომლობენ ასოციაციასთან ღია და დახურულ სივრცეებში უსაფრთხო მუსიკალური საღამოების მოწყობის მოდელისა შემუშავებაზე.


შენიშვნა: რეგულაციები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამი თვით.

09 /
რა შემთხვევაში მოხდება განმცხადებლის დისკვალიფიკაცია?

განმცხადებლის დისკვალიფიკაცია მოხდება იმ შემთხვევებში, თუ:

  • სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმა შევსებული იქნება არასრულად;
  • განმცხადებელი სააპლიკაციო განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსების დროს მოგვაწოდებს არასწორ ინფორმაციას;
  • ორგანიზაცია გაკოტრებულად გამოცხადდება ან აღარ ექნება დახმარების საჭიროება.