For visit website please use PC

საიჯარო ვალდებულებების მხარდაჭერა

და
01 /
ვის შეუძლია სარგებლობა?

სარგებლობა შეუძლია თბილისის მასშტაბით არსებულ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორში შემავალ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ პროფესიული ტექნიკური აღჭურვილობის მქონე მუსიკალურ სივრცეებს საცეკვაო მოედნით, სადაც მოწვეული არტისტების მიერ სისტემატიურად იკვრება ელექტრონული მუსიკა და რომელთა საქმიანობის ადგილს წარმოადგენს:

  • ღამის კლუბი;
  • მუსიკალური ბარი;
  • პრეკლუბი;
  • მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე.

 

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და სივრცეებს, რომლებიც შეიქმნა და საქმიანობდა პანდემიამდე პერიოდში, 2020 წლის 1 მარტამდე; 

02 /
რის მხარდაჭერა შეგვიძლია?

ფონდით სარგებლობა ნებაყოფლობითია და ემსახურება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში შემავალი ორგანიზაციების დახმარებას, რაც გულისხმობს საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ან სივრცის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი საბანკო ვალდებულების შემსუბუქებას და მოიცავს საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვასა და კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას, რაც გულისხმობს სამი (3) თვის განმავლობაში კომუნალური მოსაკრებლის (ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების ან/და დასუფთავების ) სრულად ან ნაწილობრივ გადახდას, სამი (3) თვის განმავლობაში.

03 /
რა ოდენობის თანხა გამოიყოფა თითოეულ განმცხადებელზე?

საიჯარო ვალდებულების მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი დგინდება განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად. თანხის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის კომერციული საქმიანობა და მისი სპეციფიკა (ღია სივრცეა, ნახევრად ღია თუ დახურული? ფუნქციონირებს თუ არა მოცემულ მომენტში? ფუნქციონირებს სრულად თუ ნაწილობრივ?).კომუნალური გადასახადის მხარდაჭერის შემთხვევაში ყოველთვიური თანხის ზედა ზღვარი შეადგენს 500 ლარს. აღნიშნული თანხა დგინდება განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად.

04 /
რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს განმცხადებელმა?

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მეიჯარესთან გაფორმებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პანდემიამდე პერიოდს (2019 წელს);
  • საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალების 4 ამონაწერი, რომელიც მოიცავს 2019 წლის სექტემბრიდან 2019 დეკემბრამდე პერიოდს;
  • პანდემიის პერიოდში მეიჯარესთან გაფორმებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 2020-2021 წლებს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალების ამონაწერი, რომელიც მოიცავს 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე პერიოდს (მისი არსებობის შემთხვევაში);
  • საბანკო ორგანიზაციასთან გაფორმებული იპოთეკური ან სხვა ტიპის სესხის ხელშეკრულება, რომლის მიზანია სივრცის შენარჩუნება;
  • ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს 2021წლის იანვარი, თებერვალი, მარტის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის, ან/და სასმელი წყლის/წყალარინების, ან/და დასუფთავების მოსაკრებლის საფასურის გადახდის ისტორია .
  • ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს 2021 წლის იანვარი, თებერვალი, მარტის თვეებში თითოეული თვის კომუნალური ვალდებულება.
05 /
ვის შეუძლია სააპლიკაციო განაცხადის ფორმის შევსება?

განაცხადის შევსება ხდება ორგანიზაციის დამფუძნებელის ან დირექტორის მიერ.

06 /
როგორ ხდება წინასწარი ქულების განსაზღვრა?

საიჯარო ვალდებულების შემსუბუქების პროგრამით მოსარგებლე ორგანიზაციების პირველადი შეფასება, შემდეგი სისტემით ხორციელდება:

  • ნახევრად ღია სივრცეები, როგორებიცაა, მუსიკალური კაფე-ბარები ან მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცეები, პირველ ეტაპზე მინიმალური სასტარტო პირობით მიიღებენ საიჯარო ვალდებულების 50%-ს, ხოლო დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაემატებათ 5%, 10% ან 20%, რისი დაჯამებითაც მიიღება საბოლოო მაქსიმალური თანხის ოდენობა, არსებული ვალდებულების  55%, 60% ან 70%.

  • პირველი პუნქტით მოსარგებლე სრულად დახურული მუსიკალური სივრცეები და ღამის კლუბები, პირველ ეტაპზე მინიმალური სასტარტო პირობით მიიღებენ საიჯარო ვალდებულების 80%-ს, ხოლო დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაემატებათ 5%, 10% ან 20%, რისი დაჯამებითაც მიიღება საბოლოო მაქსიმალური თანხის ოდენობა, არსებული ვალდებულების 85%, 90% ან 100%.

07 /
რომელი ძირითადი კრიტერიუმები გამოიყენება შეფასების დროს?

 მუსიკალური სივრცეებისთვის დადგენილი ძირითადი კრიტერიუმებია: 

  • ორგანიზაციის ხანგრძლივობა

  • ორგანიზაციაში ოფიციალურად დასაქმებული პირების რაოდენობა

  • ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში გატარებული ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპები

  • ორგანიზაციის სოციო-პოლიტიკური პასუხისმგებლობები.

08 /
რა შემთხვევაში გამოიყენება დამაბალანსებელი კრიტერიუმი?

იმის გათვალისწინებით, რომ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის მასშტაბური სცენა პანდემიის გამო საგრძნობლად დაზარალდა, შესაძლოა საბჭომ განცხადებათა მოსალოდნელზე დიდი რაოდენობა მიიღოს. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია 2 მილიონი ლარით. მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში შესაძლოა, ფონდმა სრულად ვერ დაფაროს კვალიფიცირებულ განმცხადებელთა საჭიროებები და აუცილებელი გახდეს საბჭოს მიერ არჩევანის გაკეთება თანაბარი ან თითქმის თანაბარი შედეგების მქონე განმცხადებელთა შორის. ასეთ შემთხვევაში საბჭო იტოვებს უფლებამოსილებას, შემოიტანოს დამატებითი დამაბალანსებელი კრიტერიუმები და მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

საიჯარო ვალდებულებების შემსუბუქების პროგრამის დადგენილი დამაბალანსებელი კრიტერიუმის პრიორიტეტებია: 

  • ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა. მწვანე და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული კამპანიებისა და აქტივობების ინიცირება, მონაწილეობა ან სივრცის დათმობა;
  • მუსიკალური სივრცის უნიკალურობა, მისი განსაკუთრებული ისტორიული როლი ან კულტურული მნიშვნელობა თბილისის საკლუბო სცენის შექმნის ადრეულ ეტაპზე.
  • ნდობაზე დაფუძნებული კეთილი ნების შეთანხმება, რომლითაც ორგანიზაცია ან კოლექტივი გამოთქვამს მზაობას მომავალში ორგანიზაციაში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების განსამტკიცებლად, მწვანე და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული კამპანიებისა და აქტივობებში ჩასართავად ან სივრცის დასათმობად.
09 /
როგორია შეთანხმების პირობა?

ქვეყანაში, მოცემულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები შეთანხმების საფუძველზე საკუთარ ობიექტებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას. ასოციაცია შეთანხმებულად იმოქმედებს პასუხისმგებელ და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან, აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არსებულ პროგრამას, რათა წინასწარ შემუშავებული მოდელის მიხედვით 2021 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში დაიწყოს ელექტრონული მუსიკისა მოსასმენი ღია და დახურული სივრცეების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნა.

 

თუ თქვენ აპირებთ, შეავსოთ განაცხადი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდში, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

  • დახურული მუსიკალური სივრცეები, პროგრამის მიმდინარეობისას საკუთარ სივრცეებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ და იცავენ მოცემულ ეტაპზე არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ნახევრად ღია სივრცეები, სადაც მოქმედებს ბარი ან საკვები ობიექტი,  სრულად იცავენ  პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, ღონისძიებები  და წვეულებათა სერიები, სრულად იცავენ  პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები თანამშრომლობენ ასოციაციასთან ღია და დახურულ სივრცეებში უსაფრთხო მუსიკალური საღამოების მოწყობის მოდელის შემუშავებაზე.


შენიშვნა: რეგულაციები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამი თვით.